არესტოვიჩის განცხადება და გამოხმაურება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი უარყოფს თავის სიტყვებს, რომ დნეპროპეტროვსკში რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მისი თქმით, განცხადება მხოლოდ ვერსიაა. არესტოვიჩი საკუთარი განცხადების გამო, დნეპროპეტროვსკის მერმა გააკრიტიკა. ბორის ფილატოვმა არესტოვიჩს საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი უწოდა, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა. მისი თქმით, არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს, „ამაზე რეაგირებაა საჭირო. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ კითხვები უნდა დაუსვას. გამოვიდა ადამიანი და ამ სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსული „X-22“ ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.