არესტოვიჩის ანტიდასავლური გზავნილები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადებები.

ალექსეი არესტოვიჩი ომის დაწყებიდან მალევე სტამბოლსა და ბელორუსში გამართული მოლაპარაკებების დღემდე უცნობ დეტალებს ახმაურებს და ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებს. ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სულელად და კორუმპირებულად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ჩინეთთან ბალანსის შენარჩუნების მოტივით დასავლეთის ნაწილს ომში რუსეთის მარცხი არ სურს. არესტოვიჩი, რომელიც ფართომასშტაბიანი აგრესიის დასაწყისში იუთუბ-არხზე ყოველდღიურ რეჟიმში უკრაინის წარმატებულ შეტევაზე საუბრობდა, ახლა აცხადებს, რომ 2022 წელს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან რუსეთის წინადადებებზე უარის თქმა და ომის გაგრძელება შეცდომა იყო. უკრაინა სტრატეგიულ ჩიხშია – ასეთია ექს-მაღალჩინოსნის დღევანდელი პოზიცია. არესტოვიჩის განცხადებები დროში ემთხვევა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის კომენტარებს, სადაც მაღალჩინოსნები უკრაინის ბოლო კონტრშეტევის წარუმატებლობაზე ღიად საუბრობენ.