ალექსეი არესტოვიჩის განცხადება

„დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, იური რომანენკოსთან ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ „სიძულვილის კამპანიაზე“ ისაუბრა. ეს კამპანია 14 იანვარს, რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის შემდეგ არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 14 იანვარს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ დაეცა, რაც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ დაადასტურეს. მოგვიანებით, თავად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაკავებული თანამდებობა დატოვა. ჟურნალისტ იური რომანენკოსთან ინტერვიუში არესტოვიჩი მკაცრად გმობს მის წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის კამპანიას და ამასთან ერთად აცხადებს, რომ ეს კამპანია რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ კრემლი ცდილობს უკრაინელების დაპირისპირებას და მოსკოვს შეგნებულად აქვს არჩეული სამიზნეები.