მსოფლიოს ამბები - მაგომედ მუცოლგოვი - ევკუროვს ძალაუფლების შენარჩუნება სისხლისღვრით სურს [ინტერვიუ]

ინგუშეთში საპროტესტო აქციების ორგანიზატორების ნაწილი დააკავეს. მათ სახლებში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დღეს დილით მივიდნენ. მანამდე კი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა ხალხმრავალი მიტინგი, რომლის მონაწილეებმაც რესპუბლიკის მეთაურის იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა მოითხოვეს. ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია 26 მარტს გაიმართა. დემონსტრაციას მოჰყვა შეტაკება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. დროებით გადაკეტილი იყო ქალაქ ნაზრანთან გამავალი ფედერალური ავტომაგისტრალიც.

ათასობით ინგუში აპროტესტებს ჩეჩნეთთან სახელმწიფო საზღვრის გადახედვის შესახებ შეთანხმებას, რომელიც შარშან გაფორმდა.  ამ შეთანხმებით ინგუშეთმა ჩეჩნეთს სუჟენსკის რაიონის ნაწილი დაუთმო, რამაც ინგუშეთის მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ინგუშეთში შექმნილ მდგომარეობას და აქციების მონაწილეთა მოთხოვნებზე, ვესაუბრეთ უფლებადამცველს, ორგანიზაცია „მარშის“ დამფუძნებელს და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მაგომოედ მუცოლგოვს.

ჩვენ ვიხილეთ საპროტესტო აქციები მაგასში და გზის ბლოკირება ნაზრანში, რა ვითარებაა დღეს ინგუშეთში?

რეალურად ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო. ინგუშეთის მეთაურმა, ისე, რომ ხალხს არ დაელაპარაკა და რეფერენდუმიც არ გამართა, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს, გადაწყვიტა ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი ჩეჩნეთისთვის გადაეცა. ხალხი აღშფოთდა და ქუჩაში გამოვიდა. ჩვენ ორი კვირა ვიდექით და ვაჩვენეთ ყველას, რომ მშვიდობიანი აქციების გამართვა ჩვენც შეგვიძლია. აქციების დროს ნაგავიც კი არ დაგვიყრია, არეულობაზე საუბარი ზედმეტია. ამის შემდეგ ჩვენ დავიშალეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ინგუშების საყოველთაო შეკრება – კონგრესი, ტეიპების შეკრება და ა.შ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ კიდეც. ცოტა ხნის წინ ჩვენ მივმართეთ რესპუბლიკის მეთაურს და მის ოფისში მივიტანეთ 51 ათასი ხელმოწერა. ჩვენ სულ სამი მოთხოვნა გვქონდა: ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვრის შესახებ შეთანხმების გაუქმება, ინგუშეთის მეთაურის გადადგომა და რეპრესირებულ ხალხთა რეაბილიტაციის შესახებ კანონის რეალიზაცია. სამწუხაროდ, ძალიან არასერიოზული პასუხი მივიღეთ. როდესაც რესპუბლიკის მოქალაქეთა მესამედი ხელს აწერს მიმართვას და შენ ასეთ არასერიოზულ პასუხს იძლევი, რა თქმა უნდა, ეს ხალხს არ მოეწონება. მეტიც, ამ ექვს თვეში რეფერენდუმის გამართვაც ვითხოვეთ. ჩვენ გვითხრეს, რომ განაცხადში შეცდომები იყო დაშვებული. ერთი კვირის წინ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ უკვე შესწორებული დოკუმენტები და ველოდებით პასუხს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. 26 მარტს გავმართეთ მიტინგი. ეს მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ინგუშეთის მეთაურმა პარლამენტში შეიტანა პროექტი, რომელიც მოქალაქეებს უფლებას ართმევს, თავად განსაზღვროს რესპუბლიკის საზღვრები. ამ პროექტით პარლამენტს ეძლევა უფლება, ხალხის გარეშე დაადგინოს საზღვრები. დეპუტატებმა ეს კანონი პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც. ეს ხალხმა ვერ აიტანა. ეს ანტიკონსტიტუციური კანონი იყო. შემდეგ რესპუბლიკის მეთაურმა ეს კანონი უკან გაიწვია, მაგრამ მხოლოდ სამი თვით. ჩვენ გვატყუებენ და ამას ვერ დავთანხმდებით. სწორედ ამიტომ გამოვედით მიტინგზე. 27 მარტს სამართალდამცველებმა ორჯერ დაგვარბიეს რესპუბლიკის მეთაურის ბრძანებით. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ გამოიტანა დასკვნა ბოლო 6 თვეში განვითარებული მოვლენებიდან. აქციაზე იყვნენ პროვოკატორები და მათ მოაწყვეს არეულობა. ინგუშ ხალხს ეს არ გაუკეთებია და ამაზე მეტყველებს 14-დღიანი მიტინგი, რომელიც შარშან გავმართეთ. ასეთი მშვიდობიანი აქცია რუსეთში არასდროს ჩატარებულა. ნათელია, რომ სისხლისღვრა და არეულობა სჭირდება რესპუბლიკის მეთაურს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

რას აპირებთ მომავალში, გაგრძელდება თუ არა აქციები?

დიახ, ჩვენ მოედნიდან ერთი პირობით წავედით. დაგვპირდნენ, რომ ხუთ დღეში მივიღებთ მიტინგის გამართვის ნებართვას და ჩვენ აქციას ჩავატარებთ. დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის რესპუბლიკის მეთაურის გადადგომა. ის უნდა წავიდეს, სხვა ვარიანტი არ განიხილება. მან გუშინ სისხლისღვრა დაუშვა. ის ყველანაირად ეწინააღმდეგება ინგუშ ხალხს. სასამართლოშიც კი უჩივლა მათ. ევკუროვს ხალხის ლიდერად აღარავინ თვლის. ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც რესპუბლიკის მეთაური ხალხს ეუბნება, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული. ამას არავინ აპატიებს, ყველა სხვა საკითხს მოვაგვარებთ კანონის ფარგლებში. ჩვენ მის გადადგომასაც კანონიერად ვითხოვთ. რუსეთის კონსტიტუცია და ინგუშეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთსა და ინგუშეთში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ხალხია. 51 ათასი ადამიანის ხელმოწერა და 90 ათასი მომიტინგე ამაზე მეტყველებს. ეს არის ინგუშეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი და ეს ხუმრობა აღარ არის.

შეუძლია თუ არა ამ პროცესს ზეგავლენა მოახდინოს ინგუშებისა და ჩეჩნების ურთიერთობაზე?

მე ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პროვოკაციულად აშუქებენ მოვლენებს. ჩვენ არაფერს ვწყვეტთ. ინგუშ ხალხს არანაირი პრეტენზია არ აქვს ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და არც რამზან კადიროვის მიმართ. ჩვენ ძმები ვართ. უნდა მივხედოთ ჩვენს მეთაურს, რომელმაც ჩათვალა, რომ ხალხის გარეშე უნდა გადაწყვიტოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები. სამწუხაროდ, მეორე მხარეს დგას ჩეჩნეთის მთავრობა, რომელმაც საზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს ხომ ჩეჩენი ხალხი არაა? და მეორე, რისთვისაც არ უნდა მოეწერათ ხელი, დამნაშავედ არც რამზან კადიროვს ვთვლით, რადგან ჩვენი რესპუბლიკის მეთაურმა გააფორმა ეს შეთანხმება, ჩვენი თანხმობის გარეშე. ისინი გვიმალავდნენ ამ შეთანხმებას. ჯერ ამბობდნენ, რომ რაღაც გაცვლაზეა საუბარი. მხოლოდ ბოლოს აღიარეს, რაც ხდებოდა. შეთანხმების შინაარსი დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კანონი ფალსიფიცირებულია. დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიაში განაცხადეს, რომ მათ ნაწილს საერთოდ არ მიუცია ხმა. ასეთი 25-დან 12-ია. ერთი ამბობს, რომ ბიულეტენს არც კი მიუახლოვდა, კიდევ ოთხმა გააფუჭა ბიულეტენი. ამ ფონზე ევკუროვმა განაცხადა, რომ კანონს 17-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ეს არის ფალსიფიკაცია და სისხლის სამართლის დანაშაული.