მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ

მილიონ ასი ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 60 000-ზე მეტი გარდაცვლილი – ასეთია დღეს „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგი. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ს, ესპანეთსა და იტალიას ჰყავს, გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ, იტალია კვლავ პირველ ადგილზეა.

მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, მსოფლიოში ვირუსისგან უკვე 230 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღესვე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის და მეხუთე თაობის ქსელის კავშირზე უსაფუძვლო თეორიების გამო, ბრიტანეთში მობილური ტელეფონების ანძებს ცეცხლი წაუკიდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია და ორგანიზაციას დახმარების თხოვნით უკვე 90-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა.