ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე გაზარდა – ეს კი ავტომატურად სესხის გაძვირებას გულისხმობს. საუბარია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ კრედიტზე. ასეთი ვალდებულება კი 170 ათასამდე მოქალაქეს აქვს. ცენტრალურ ბანკში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით ხსნიან. ამასთან, მარეგულირებელში პროგნოზირებენ, რომ ინფლაცია დეკემბერში და იანვარ-თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს, რასაც სწორედ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა შეუწყოს ხელი.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა, მომდევნო წლის 2 თებერვალს ჩატარდება.