ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ათასობით მოქალაქეს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები გაუიაფდათ. სამთვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა დღეს კიდევ უფრო შეარბილა. მაღალი ინფლაციის გამო, 2022 წელს მკვეთრად გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი დღეს კიდევ 0,25 %-ით შემცირდა. ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებას ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებით და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების შედარებით დასტაბილურებით ხსნის.

წლის ბოლომდე სები ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ელოდება, თუმცა გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, გარკვეულ რისკებზეც მიუთითებს, რის გამოც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფრთხილ ტაქტიკას ირჩევს. სწორედ ამ ფრთხილი პოლიტიკის გამო, სფეროს ექსპერტებს ეროვნული ბანკის მიმართ შენიშვნები აქვთ.