მკვლელი ნარკოტიკი

ერთ თვეში გახდება ცნობილი, იმსხვერპლა თუ არა 5 მაისს ორი მამაკაცი მეფედრონის სახელით ცნობილმა ნარკოტიკულმა საშუალებამ, რომელსაც უკვე რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალებას უკავშირებენ.

მესამე სექტორი სამართალდამცავ უწყებებს ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებისკენ და ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვისკენ მოუწოდებს, რომელთა საშუალებით საშიში ნარკოტიკი ადვილად ხელმისაწვდომია.

მეფედრონი ამფეტამინების ჯგუფში შემავალი ფსიქოსტიმულატორია, რომელიც მოხმარების შემდეგ ძლიერ დამოკიდებულებას, ზედოზირების შემთხვევაში კი კომატოზურ მდგომარეობას და სიკვდილს იწვევს. ნარკოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები კიდევ ერთ საშიშ ნარკოტიკს-ოპიატების ჯგუფში შემავალ ფენტალინს უკავშირდებოდეს.

ფაქტია, რომ დღესაც არ არსებობს პასუხი კითხვაზე – რას ემსხვერპლა ბოლო ორ კვირაში ოთხი ადამიანის სიცოცხლე, ორი მამაკაცი კი ახლაც რეანიმაციაშია.