დავით სერგეენკო - პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ არ გავაცნობიერეთ, რომ არ არსებობს საკლუბო, გასართობი ნარკოტიკი
დავით სერგეენკო - პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ არ გავაცნობიერეთ, რომ არ არსებობს საკლუბო, გასართობი ნარკოტიკი

შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები, მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ობიექტური თვალით შევხედავთ შსს-ს მიერ დაკავებულ გამსაღებელთა რაოდენობას, ეს აქტივობა ვერ ჩაითვლება სუსტად და არაეფექტურად.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

“ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა”, – აღნიშნა მინისტრმა.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.