ქართველმა მკლავჭიდელებმა, რომლებიც მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ, არჩევნების დასრულებამდე საპროტესტო აქციების შეჩერება გადაწყვიტეს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ მიზეზი პროტესტის პოლიტიკურ კალაპოტში გადაყვანის მცდელობაა, რასაც კატეგორიულად გაემიჯნენ.
სპორტსმენების თქმით, აქციები არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომის ჩატარება ვერ მოხერხდა. ნაკრების მწვრთნელები და ვეტერანი მკლავჭიდელები გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდას, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომასა და ფედერაციაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.