პოლიტიკური შეთანხმების რესურსი 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სტატუსით გიორგი გახარიას გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის მედიაციით დიალოგის გაგრძელებასაც ელის. თუმცა მხარეთა პოზიციებში უშედეგო მეორე რაუნდის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია შეთანხმების შესაძლებლობას მელია-რურუას გათავისუფლების შემთხვევაში განიხილავს, მოთხოვნად რჩება ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზეც შეთანხმება, რაც კრისტიან დანიელსონის ხუთ პუნქტიან დოკუმენტში ნახსენები არ არის. თავის მხრივ ოპონენტებს პოზიციების გადახედვას ურჩევს მმართველი გუნდი, რომელიც შვედი დიპლომატის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოსაწერად მზადყოფნას გამოთქვამს. ამ ფონზე ორივე მხარის მისამართით აქტიურდება საერთაშორისო მოწოდებები, მესამე რაუნდზე დიდი ალბათობით ევროკავშირი მედიაციას გააძლიერებს.