მაჰაჩყალის აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო, –  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი დღეს გამართავს დიდ შეხვედრას და ისაუბრებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მაჰაჩყალის აეროპორტის ტერმინალში პალესტინის მხარდამჭერები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა.

ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელელებზე თავდასხმა იგეგმებოდა და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ პალესტინელების მხარდამჭერები აეროპორტის ტერმინალში შევიდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელიდან დაგეგმილი ფრენის შესახებ შეიტყვეს. მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ „თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას“. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები. მედია ასევე წერს, რომ აეროპორტში არეულობაში მონაწილე 150 პირია იდენტიფიცირებული, მათგან 60 კი დაკავებულია.