„ვაშინგტონ პოსტი“ – აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აშშ-სა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ახალი შეზღუდვები დააწესა

15:40, 22.11.2026

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აშშ-სა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ახალი შეზღუდვები დააწესა.

მედიის ცნობით, ჰეგსეტმა აქამდე უცნობი მითითებები გასულ კვირას გავრცელებულ საიდუმლო სამსახურებრივ დოკუმენტში ასახა. წყაროებმა ვინაობის გამხელა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ ისურვეს.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ახალი შეზღუდვები კანადელებისთვის „სილის გაწვნის“ ტოლფასი იქნება და კითხვებს აჩენს, თუ როგორ შეიზღუდება ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობა.

„ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ გამოცემის რედაქციას აღნიშნული საიდუმლო დოკუმენტი თვითონ არ უნახავს. ჰეგსეტის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონი „ნაბიჯებს დგამს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანადასთან თანამშრომლობა აშშ-ის თავდაცვის სფეროში კონკრეტული მიზნების მიღწევას ემსახურებოდეს და, საბოლოოდ, თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყოს ხელი“.

პარნელის თქმით, თავდაცვის დეპარტამენტი „პრიორიტეტს ანიჭებს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რომლებიც გააძლიერებს აშშ-ის ტერიტორიებისა და საერთო ნახევარსფეროს დაცვას და ამავდროულად, ხელს შეუწყობს კანადის მიერ ნატო-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“.

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში, თავდაცვის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის სენატის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ დოკუმენტი ამერიკელ და კანადელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არაფორმალური ურთიერთობების შეზღუდვას ითვალისწინებს, მათ შორის, კონფერენციებსა და აკადემიურ ღონისძიებებში ერთობლივ მონაწილეობას.

„არსებითად, ეს დოკუმენტი ოფიციალური საქმიანობის მხრივ არაფერს ცვლის, თუმცა ირიბად მიანიშნებს, რომ ნებართვის გარეშე ნაკლები არაფორმალური და სოციალური აქტივობა უნდა იყოს“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა.

თავის მხრივ კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ჯერ არ უნახავს და მის შესახებ მხოლოდ ამ უქმეებზე შეიტყო.

„ჩვენთვის ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა მაკგინტიმ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებზე საუბრისას.

მსგავსი