აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, ნატო–ს მოკავშირეებისა და რუსეთის ხელისუფლებს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა. როგორც ის აცხადებს, შეხვედრაზე განიხილავენ იმ შეშფოთებას, რომელიც რუსეთს აქვს ნატო-სთან დაკავშირებით და შეეცდებიან, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დაძაბულობა განმუხტონ. ამასთან ერთად, ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს პირადად ჩამოუთვალა რუსეთის პრეზიდენტს ის მკაცრი სანქციები, რომლებიც კრემლს დაუწესდება, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. ბაიდენმა არც ის გამორიცხა, რომ აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდოს, თუ ამას ნატო-ს მოკავშირეები მოითხოვენ. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდეტი დაჟინებით ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ ვატერლოოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ლონოდნში მდებარე „გეოსტრატეგული საბჭოს“ მკვლევარს, ალექსანდერ ლანოშკას.
ჩვენ მოვისმინეთ ბაიდენისგან, რომ შესაძლებელია, გაიმართოს შეხვედრა ნატო-ს მოკავშირეეიბსა და რუსეთის მონაწილეობით, სადაც განიხილავენ იმ საკითხებს, რომელიც ნატო-სთან დაკავშირებით რუსეთს აშფოთებს. როგორ ფიქრობთ, მართლაც შესაძლებელია მოლაპარაკება გარანტიებზე, რომელსაც რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ნატო–ს წევრები?
რუსეთი ნამდვილად ამას ითხოვს, მაგრამ რა სურს რეალურად რუსეთს? ეს არის მეორე კითხვა. რუსეთის მიზანი სულ სხვაა, რადგან რუსეთის ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინის ან საქართველოს ნატო-ში გაწევრება შორეული პერსპექტივაა. და ეს აშშ-ის ან ბრიტანეთის პოლიტიკით არ არის განპირობებული, რადგან ამ ქვეყნებს ოფიციალურად სურთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრები, ეს ხდება ნატო-ს შიგნით არსებული წინააღმდეგობის გამო. სავარაუდოდ, საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციის გამო. რუსეთმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და იყენებს წინაპირობად, რათა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს ნატო-ს წევრ სახლემწიფოებთან ერთად და ისაუბროს ზოგადად უსაფრთხოების სიტუაციაზე. ჩემი აზრით, სამწუხაროდ ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვლადიმერ პუტინს ასეთ დისკუსიაში ჩართვისა და რუსეთის ხელოვნური პრეტენზიების წარდგენის უფლება მისცა. სინამდვილეში კრიზისი უკრაინას ეხება და ბაიდენის განცხადების შედეგად, მივიღეთ ის, რომ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, რაც სულ სხვა თემაა. კიევის ადგილას შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან ვხედავთ, რომ საუბრის მთავარი თემიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადადის.
თქვენი აზრით, რა იქნებოდა ბაიდენის საუკეთესო პასუხი?
საუკეთესო პასუხი, ჩემი აზრით, თავად ბაიდენის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო, თუმცა შემდეგ მან საკუთარი სიტყვა გადათქვა. თავდაპირველად მან თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი სერიოზული საფრთხეზე საპასუხოდ აშშ-ი შეეცდება, შემოიკრიბოს ნატო-ს ყველა მოკავშირე. თქვა, რომ ვაშნგტონი მათთან მუდმივად მართავს კონსულტაციებს, თუმცა ბაიდენის მეორე განცხადება ცხადჰყოფს, რომ პრეზიდენტმა პოზიციები შეცვალა. ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნება.
მოდით, დავუბრუნდეთ ჩემს თავდაპირველ კითხვას, რომელიც რუსეთის მოთხოვნას ეხება. რამდენად შესაძლებელია სამართლებრივად რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება?
ასეთი გარანტიების გასაცემად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ალიანსი ამას ნამდვილად არ გააკეთებს, პირველ რიგში იმის გამო, რომ ამ მოთხოვნას რუსეთი იარაღით მუქარის ფონზე აყენებს. მაგრამ დავუშვათ, რომ ნატო დათანხმდა, ასეთ შემთხვევაშიც კი მაინც არ არსებობს გარანტია, რომ მომავალი ლიდერები ამ შეთანხმებას დაემორჩილებიან. ეს არის წარმოუდგენელი მოთხოვნა რუსეთისგან, რომლის შესრულებაც ალიანსისგან მოითხოვს, უარი თქვან ღია კარის პოლიტიკაზე, რომელსაც ნატო დიდი ხანია, მისდევს. თუმცა, უმთავრესი მაინც ის არის, რომ ნატო-ს არც ერთი ლიდერი არ ჩათვლის ამ შეთანხმების შესრულებას სავალდებულოდ. მეტიც, ჩემი აზრით, თავად პუტინსაც არ სჯერა ამის. ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი, როგორ ირღვევა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ეს მხოლოდ რუსეთის ქცევის გამო არ ხდება. შეგვიძლია, მაგალითად დავასახელოთ ბუქარესტის მემორანდუმი, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება. ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ შეთანხმებებს მხოლოდ იმ ქაღალდის ფასი აქვთ, რომელზეც ის წერია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად რუსეთის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და მიუღებელი.
თქვენი აზრით, როგორი იქნება რეაქცია ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებისგან, რადგან ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეხვედრას სავარაუდოდ ნატო-ს მხოლოდ ოთხი წევრი დაესწრება…
პუტინთან ვიდეოკონფერენციამდე და შემდეგაც ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრტანეთისა და იტალიის ლიდერებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ოთხ ქვეყანასთან ერთად აპირებს ბაიდენი რუსეთთან საუბარს. მეც და სხვა დამკვირვებლებმაც აღვნიშნავთ, რომ ამ ჯგუფში მხოლოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნები არიან. პოლონეთი მათ შორის არ არის, არაა წარმოდგენილი ბალტიისპირეთიც. ჯერ უცნობია, დაესწრებიან თუ არა ამ შეხვედრას ნატო-ს სხვა წევრები. შესაძლოა, პოლონეთის დასწრების წინააღმდეგი პუტინი წავიდეს. ასეთ სიტუაციაში პოლონეთსა და ბალკანეთის სახელმწიფოებს ბევრი ნერვიულობა მოუწევთ, რადგან პოლიტიკური ვაჭრობა მათ გარეშე გაიმართება მაშინ, როდესაც სწორედ ამ ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესები დევს ფსონზე.
„ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს ცნობას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინის ნატო-ში გაწევრება გამორიცხეს მომდევნო ათწლეულში. ამ განცხადების შემდეგ, საქართველოში ბევრს გაახსენდა 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მისცეს და ამას მოჰყვა ომი. როგორ ფიქრობთ, ახლაც ასეთი საფრთხის წინაშე ვართ?
დიახ, ასეთი შესაძლებლობა არსებობს, რადგან რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 90-დან 110 ათასმადე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული. მზადყოფნაში ჰყავს კიდევ 75 ათასი ჯარისკაცი, რომელიც საჭიროებს შემთხვევაში შეიძლება, გააგზავნონ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ამ რაოდენობით სამხედრო ძალის კონცენტრაცია აძლევს საშუალებას რუსეთს, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს შეტევა და არა მხოლოდ დარტყები მიიტანოს უკრაინის სამხედრო სამიზნეებზე ან ქალაქებზე, არამედ დაიკავოს და აკონტროლოს კიდეც უკრაინის ტერიტორიის ნაწილი. 2008 წლის ომთან პარალელების გავლების დროს ფრთხილად ვიქნებოდი, თუმცა პუტინს ნამდვილად აქვს სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.
თქვენი აზრით, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი სამუდამოდ შეყოვნდა?
სამწუხაროდ დღეს ასე ჩანს. უკრაინაც და საქართველოც არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები, თუმცა ალიანსში მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის საუკეთესო ვარიანტია ალიანსში წევრობისკენ მისწრაფების შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს კავშირების გაღრამავება ნატო-ს წევრ კონკრეტულ ქვეყნებთან. ამ კუთხით უკრაინა წარმატებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში კიევმა განამტკიცა კავშირი არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ დიდი ბრიტანეთთან, ლიეტუვასთან, პოლონეთთან და თურქეთთან.