ვანო მერაბიშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, – ასე ეხმაურება მუხროვანის სპეცოპერაციისას დაღუპული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თემას.
ლია კრიალაშვილმა ძმის გარდაცვალება გაიხსენა და მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილს ახალი ბრალდება უნდა წარედგინოს პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ლია კრიალაშვილი ახალ პროკურორს შეხვედრას სთხოვს და იმედოვნებს, რომ ირაკლი შოთაძე აღნიშნულ საქმეს გამოიძიებს.
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციის „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრებმაც. მათი თქმით, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული, თაროზე შემოდებული საქმეები უნდა გამოიძიოს.
როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხიდან ხვალ გაათავისუფლებენ.