ოპოზიციის ამოცანა

ვანო მერაბიშვილის გზავნილებს ოპოზიციის დამაზიანებლად და ხელისუფლების გამაძლიერებლად მიიჩნევს ოპოზიცია, რომლის ნაწილი ახლა მთავარ ამოცანად ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო მობილიზებას აცხადებს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის იდეას ემიჯნება და მზადაა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პუნქტებზე ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს. ბოლოდროინდელი კომენტარები აჩენს ეჭვს, რომ საპარლამენტო სამუშაო პროცესში შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ხატია დეკანოიძეც ჩაერთოს. პარალელურად მისი პარტიის ახალი მენეჯმენტისთვის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერების გზა ქუჩის პროტესტზეც გადის. თუმცა 9 აპრილს დაანონსებულ აქციას დანარჩენი ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. აქციაზე მიდის, თუმცა უცნობია, ჩაერთვება თუ არა ამჯერად მაინც 12 პუნქტზე საკანონმდებლო მუშაობაში „სტრატეგია აღმაშენებელი“.

განსხვავებული პოზიციების ფონზე უცვლელი რჩება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება – მათი მთავარი გზავნილი 12 რეკომენდაციაზე ერთობლივი მუშაობაა.