„ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი 9 მაისს მოეწერება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს „ლენდ-ლიზის“ კანონს, რათა დაიცვას დემოკრატია უკრაინაში 2022 წლისთვის“, – აღნიშნა ფსაკიმ. ამასთან, მან დაადასტურა ცნობები, რომ ბაიდენი დაესწრება „დიდი შვიდეულის“ ვირტუალურ შეხვედრას, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეუერთდება.

გარდა ამისა, გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის, სავარაუდოდ, 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ კიევს რუსეთის შეჭრის მოგერიებაში. ეს ინფორმაცია თავად ბაიდენმა დაადასტურა. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იგი აცხადებს უსაფრთხოების დახმარების შესახებ კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალას, რადარებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს.