კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილია 83 წლის მამაკაცი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილის შემდეგ მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.

რაც შეეხება ზოგად სურათს: ახლა საქართველოში ყველაზე მაღალი რისკის ზონა ბოლნისია – ჩაკეტილ რაიონში დღეს „კოვიდ-19“ 12 ადამიანს აღმოაჩნდა. გაფართოვდა თეთრიწყაროს კლასტერიც, სადაც შვიდ დღეში, ანუ ინფიცირების პირველი ფაქტიდან ამ მომენტამდე, უკვე 39 ადამიანია დაავადებული. დღეს ქვეყანაში ინფიცირებულთა სტატისტიკა ჯამში 27-ით გაიზარდა.

ბოლნისისა და თეთრიწყაროს გარდა, დღევანდელი პაციენტები მარნეულიდან და სხვადასხვა საკარანტინო სივრციდან არიან, დაუდგენელია რამდენიმე ადამიანის ინფიცირების წყარო. იმატა ტესტირებულ პირთა დღიურმა მაჩვენებელმა. 12 სხვადასხვა ლაბორატორიაში დღეში საშუალოდ 1 000-ზე მეტ საკვლევ მასალას სინჯავენ.

გაზრდილი მონაცემები მიზნობრივი ჯგუფების გაფართოებასა და პიკის პერიოდს უკავშირდება, რომელიც ეპიდემიოლოგების გათვლებით, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.