კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქვეყანაში ამ დროისთვის, „კოვიდ 19“-ის სულ სამი დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ბოლო, რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.
კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც პირველი შემთხვევის მსგავსად, ირანში, ქალაქ ყუმში იმყოფებოდა. ორივე მამაკაცის შემთხვევაში, პროცესი მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს. ტემპერატურა არცერთს აღენიშნება.
გართულებების გარეშე, მხოლოდ დაბალი სიცხით აქვს გამოვლენილი ვირუსი ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. სამივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია. კლინიკაში რჩება ასევე კარანტინში მყოფი 34 მოქალაქე. მათგან 20-ის გამოკვლევების პასუხები ცნობილი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება.