კორონავირუსის გავრცელების არეალი 

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 7 375 ადამიანი. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება.

რაც შეეხება საფრანგეთს, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აქ 19-მდეა გაზრდილი. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დადასტურებულია 1126 შემთხვევა. მესამე პაციენტი გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოშიც. გავრცელებული ცნობით,  60 წლის მამაკაცი ინფიცირებამდე იტალიაში მოგზაურობდა.

ახალი კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის რვა შტატში. საგანგებო რეჟიმი ბოლოს ორეგონის შტატში ამოქმედდა და ის 60 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 22-ს აღწევს, ყველაზე რთული მდგომარეობა კი ვაშინგტონის შტატშია. ინფიცირებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

საუდის არაბეთში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. სწავლება დისტანციურ რეჟიმში სმარტფონებისთვის შემუშავებული პროგრამების საშუალებით გაგრძელდება. ირანში კი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 194-ს აღწევს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება 2 000-ზე მეტმა პაციენტმა შეძლო.