რევაზ სოხაძე – აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

18:45, 31.10.2026

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი გარემოს აღდგენას, მათ შორის, ტყის აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით დაიგეგმება.

„აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენი მიზანია, აქ ერთ-ერთი საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს აღდგენა, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამის უწყებასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა გზის გახსნის დროისთვის ეს სამუშაოებიც განხორციელებული იყოს“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. გათვალისწინებული ხუთი ახალი ხიდიდან სამის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დანარჩენი ორი ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ფერდების ფორმირება. პროექტს ახალი კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.

აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაღდათის მიმართულებით უკვე დასრულებულ საგზაო მონაკვეთთან ერთად, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დააკავშირებს.

ახალი გზა საშუალებას მისცემს სატრანზიტო ავტოტრანსპორტს, გადაადგილდეს კურორტის გვერდის ავლით, რაც შეამცირებს აბასთუმნის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და კურორტის განვითარებას.

რევაზ სოხაძე საგზაო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან, მუნიციპალური გამვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი