ჯანდაცვის მინისტრი ჯანმოს სესიაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კოპენჰაგენში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაწყებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამასთან, გაფართოვდა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მოცულობა, განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების რეფორმა და გაიზარდა ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესზეც. სესიის ფარგლებში, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.