ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია.
„თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილი 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინკაში შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული მრავლობითი ტრავმული დაზიანებით. კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა მიერ ჩატარდა სახის კონსტრუქციული ოპერაცია. პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთავსდა პედიატრიული დეპარტამენტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მეორე პაციენტი, სამი წლის გოგონა კლინიკაში შემოსვლისას შეფასდა, როგორც არამძიმე მდგომარეობით. მოთავსდა პედიატრიულ პალატაში, თავიდანვე გამოხატული იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედება. მკურნალობაში თავიდანვე ჩაერთო ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, მეთვალყურეობას უწევს ფსიქოლოგი. დღეის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. ორივე პაციენტი აქტიურია, შემოდის კონტაქტში, ადეკვატურად პასუხობენ კითხვებს“, – აღნიშნა ექიმმა.
ამასთან, უცვლელი რჩება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა. როგორც ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, პაციენტის სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.
„დღეს, დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ ექიმები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებისა. კვლავ მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება სპეციალურ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია. აღენიშნება მთელი სხეულის მასშტაბური, 87 პროცენტი დაზიანება. ასევე სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.