რვა ადამიანი მკურნალობს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ. სამი პაციენტის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
დღესვე ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული შუახნის მამაკაცის დიაგნოზიც გახდება ცნობილი. მამაკაცი სარფიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის იტალიიდან ავტომანქანით ჩამოვიდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კი ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის თქმით, რამდენიმე მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
რაც შეეხება 31 მოქალაქეს, შესაძლოა, მათმა ნაწილმაც დატოვოს დღეს საავადმყოფო და თვითიზოლაციაში განთავსდეს. 21 ადამიანია მოთავსებული აბასთუმნის ცენტრში. ცენტრის დირექტორის თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და პაციენტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დრომდე საკარანტინო ზონაში ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, კორონავირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.