საქართველოს მწვანედან ყვითელ ზონამდე მცირე ზღვარი აშორებს. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში 100 000 მოქალაქეზე ცხრა შემთხვევა ფიქსირდება, მაშინ, როცა ორი დღის წინ ეს მაჩვენებელი შვიდს შეადგენდა. გართულებული ვითარებისა და ინფიცირებულთა ზრდის დინამიკის ფონზე, მკაცრდება ცალკეული რეგულაციები. ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და ყველა სოციალური თავყრილობა იკრძალება როგორც ღია, ისევე დახურულ სივრცეში, სადაც ათზე მეტი პირის შეკრება მანამდეც არ იყო ნებადართული.
სწორედ თბილისში გამართულ საქორწილო წვეულებას უკავშირდება თბილისში დაფიქსირებული რვა შემთხვევა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გადაიდო ცალკეული თავშეყრის ობიექტების გახსნა, გადაწყდა, რომ წელს „თბილისობაც“ არ აღინიშნება.