„რემდესივირი“ საქართველოშია – პრეპარატი, რომლის ეფექტიანობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის პოზიციები გაყოფილია, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში ორშაბათიდან დაინერგება. თუმცა, მკაცრად იქნება განსაზღვრული მისი გამოყენების პირობები, რისთვისაც ახალი პროტოკოლი შემუშავდა. დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდა 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვების შემაკავებელი ეფექტი.
ერთ დღეში ჩატარებული თითქმის 17 000 ტესტის ფონზე, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3 000-ს ჩამოსცდა. ახლა საინტერესოა, ხელახალი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, მთლიანად თუ ნაწილობრივ მოიხსნება შეზღუდვები 24 დეკემბრის შემდეგ. გადაწყვეტილება კვირის ბოლოსთვის იქნება მიღებული. მანამდე კი მთავრობა ბიზნესსექტორთან კომუნიკაციას გეგმავს.