კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კომპანიის შესახებ არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. კომპანიის ინფორმაციით, 1997 წლიდან ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოების განხორციელებისთვის, კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 580 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში მოპოვებული და რეალიზებულია 60 მილიონი დოლარის ოდენობის ნავთობი და ბუნებრივი გაზი.
ამასთანავე, კომპანია სახელმწიფოს შევიწროებაში ადანაშაულებს, რაც კომპანიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების მცდელობაში გამოიხატება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ წამოწყებულმა საარბიტრაჟო დავამ ასევე შეაფერხა კომპანიის საქმიანობა.
კომპანია ასევე იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს საქართველოში საქმიანობას. განცხადებაში, არაფერია ნათქვამი საქართველოში „ფრონტერას“ თანამშრომლების პროტესტზე, რომლებიც 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. „ფრონტერას“ საპასუხო განცხადება მზადდება გაზისა და ნავთობის კორპორაციაში.