ინტერნეტგამოცემა „ინსაიდერმა“ და „ბელინქათმა“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის თანამონაწილის ვინაობა დაადგინეს. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბერლინში ჩადენილ დანაშაულში კიდევ ერთი რუსი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომან დემიანჩენკოც მონაწილეობდა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დემიანჩენკო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ბელარუსიდან პოლონეთში ჩავიდა, საიდანაც გერმანიაში გაემგზავრა.
რეპორტიორების ცნობით, დემიანჩენკოსა და ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის პასპორტების სერიები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე, ერთნაირი იყო პასპორტების გაცემის თარიღებიც. ჟურნალისტური გამოძიების ავტორების თქმით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ჯგუფ „ვიმპელისა“ და მასთან დაკავშირებული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი ვეტერანების გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.