შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობის” ფარგლებში, გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებაზე ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით უწყების მიდგომებსა და სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრეს. ასევე, დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა სამინისტროს მიერ პრევენციისა და ბრძოლის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და კამპანიის ეტაპზე დაგეგმილი აქტივობების, „112“-ის აპლიკაციისა და ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესის შესახებ.
შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ესწრებოდნენ.