ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
წარდგენილი ბრალის მიხედვით, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა, გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.
გოგიტა ბიჩელაშვილის ადვოკატის განცხადებით, გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანაშაული არ დასტურდება.