იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა. ამრიგად, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ევროპულ ქვეყანაში 631-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 10 149-ს შეადგენს. ამასთან, 1 004 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.
კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ. იტალიის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.
იტალიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სლოვენია მეზობელ ქვეყანასთან საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას გეგმავს. როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე არაკომერციული გადაადგილება შეიზღუდება, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. სლოვენიის პრემიერ-მინისტრს საზღვარზე შეზღუდვების დაწესების თარიღი არ დაუსახელებია. თუმცა, აღნიშნა, რომ საზღვარი ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალების მოგვარების შემდეგ დაიხურება.