ირანის ტერიტორიაზე უკრაინული ბოინგი ჩამოვარდა

უკრაინის საკონსულომ თეირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების დაღუპვა დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა.

„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. დაღუპულებს შორის არიან ირანის, უკრაინის, ბრიტანეთის, კანადის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო, ომანში ვიზიტი შეწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა და სამშობლოში გაემგზავრა. ვლადიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებს „ფეისბუქის“ გვერდზე მიუსამძიმრა.