სლოვენიის პარლამენტში დაჩქარებული წესით შეიტანეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, უცხოეთიდან დაფინანსებულ, მათ შორის, ევროკომისიის გრანტების მიმღებ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის ორგანიზება აეკრძალებათ
სლოვენიაში უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის ორგანიზება აეკრძალებათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 10 ნოემბერს სლოვენიის პარლამენტში დაჩქარებული წესით შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც არჩევნებისა და რეფერენდუმის კამპანიის წესებს ცვლის.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იურიდიულ პირებს, რომლებმაც კენჭისყრამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რამე თანხა მიიღეს, კამპანიის ორგანიზატორად რეგისტრაცია აეკრძალებათ.
აკრძალვა ეხება ასოციაციებს, ინსტიტუტებსა და კომპანიებს. The European Post-ის მიხედვით, აკრძალვა ევროკომისიის გრანტებსაც მოიცავს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან მმართველი კოალიციის (SDS, NSi, SLS, Fokus, Demokrati) და პარტია „რესნიცას“ დეპუტატები. მის მისაღებად პარლამენტში უბრალო უმრავლესობაა საჭირო.
SDS-ის დეპუტატ ზვონკო ჩერნაჩის განმარტებით, ნორმა ყველას შეეხება, ვინც ამ პერიოდში უცხოეთიდან ნებისმიერი დაფინანსება მიიღო. მისი თქმით, ცვლილება გაზრდის გამჭვირვალობასა და კონტროლს და აღკვეთს უცხოურ არაპირდაპირ გავლენას.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ სოციალურ ქსელში „ინსტიტუტ 8 მარტის“ შესახებ დაწერა, რომ ერთ ორგანიზაციას მთელი კოალიციის პარტიებზე მეტი საკამპანიო თანხა აქვს და ამას „სლოვენიის კონსტიტუციურ დემოკრატიაში უცხოური კორპორაციების უშუალო ჩარევა“ უწოდა.
კანონპროექტში ასევე შემოტანილია ცნება, კამპანიის ახალი მონაწილე – „მესამე პირი“, რომელიც არ არის პარტია ან კანდიდატი, მაგრამ კამპანიის დროს დამოუკიდებლად აწარმოებს ფასიან აქტივობას ან საჯარო აგიტაციას ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. ახალი კანონით, მათზე გავრცელდება შემდეგი წესები: მესამე პირი კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე უნდა დარეგისტრირდეს სახელმწიფო საარჩევნო კომისიაში ან შესაბამის ადგილობრივ კომისიაში. კამპანიაზე მას მაქსიმუმ 10 000 ევროს დახარჯვა შეეძლება. ეროვნულ დონეზე კი მათი დაფინანსების სავალდებულო აუდიტს ანგარიშვალდებულების სასამართლო ჩაატარებს.
მესამე პირებს არ ექნებათ საჯარო სივრცეებით სხვებთან თანაბარი პირობებით სარგებლობისა და უფასო სარეკლამო ადგილების უფლება, მედიაში კი ვერ წარადგენენ თავიანთ პროგრამას ან აზრს რეფერენდუმის საკითხზე. პოლიტიკური აზრის გამოხატვა პროპაგანდად არ ჩაითვლება, თუ მასში ფასიანი მომსახურება არ იქნება გათვალისწინებული. ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით შეტყობინებისთვის კი ჯარიმა ახლანდელი 350–800 ევროდან 7 000–10 000 ევრომდე გაიზრდება.
ინიციატივას სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს. „ინსტიტუტი 8 მარტის“ ხელმძღვანელი ნიკა კოვაჩი აცხადებს, რომ SDS მათ აკრძალვას ცდილობს. 13 ნოემბერს ოთხი ჯგუფის (Renew Europe, S&D, Greens/EFA, The Left) ევროპარლამენტარებმა ევროკომისარ მაიკლ მაკგრატს სთხოვეს, გააფრთხილოს სლოვენიის მთავრობა და საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს დარღვევის პროცედურა. ამ წერილში ისინი საკანონმდებლო ცვლილებას უნგრეთისა და სლოვაკეთის ნაბიჯებს ადარებენ. ევროკომისიას ჯერ პასუხი არ დაუბრუნებია.