პოლიტიკური შეფასებების თემაა გლობალური მშვიდობის სამიტი, სალომე ზურაბიშვილისა და სამიტში მონაწილე ევროპელი პარტნიორების გზავნილები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები თანხვედრაში იყო საქართველოს პროევროპულ კურსთან.
კრიტიკულია მმართველი გუნდის პოზიცია. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი კონკრეტულ დავალებებს ასრულებს. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების განცხადებებს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ძალისხმევას არ იშურებს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში გამართული გლობალური მშვიდობის სამიტი დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული ათპუნქტიანი სამშვიდობო გეგმისა და ომის დასრულების გზებზე მსჯელობდნენ. სამიტს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 60-მდე სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი რანგის პირი ესწრებოდა. სამიტზე არ მიუწვევიათ რუსეთი. შვეიცარიაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართა უკრაინის, მოლდოვისა და პოლონეთის პირველ პირებთანაც.