გორში განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. მათ შორის სამი ადამიანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. უწყების ცნობით, ოთხ პირს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო 1997 წელს დაბადებული პირი პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.