გადადებული ავიარეისები  

ორდღიანი პაუზის შემდეგ, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენა შესრულდება. 16:15 საათზე თვითმფრინავი რეისს ნურ-სულთანის მიმართულებით განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ავიაკომპანია „ფლაი არისტანის“ წარმომადგენელმა განუცხადა.

რაც შეეხება ქალაქებს – ატირაუ და აქტაუს, ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ფრენები ამ ქალაქებში. ავიარეისი დაგეგმილი იყო ასევე ხვალ თბილისიდან, თუმცა თვითმფრინავი დედაქალაქიდან არ გაფრინდება. რეისი გაურკვეველი ვადით არის გადადებული და ფრენების აღდგენის თარიღი ამ დრომდე უცნობია. ამ ეტაპზე ყაზახეთში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება. ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, თუმცა როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, ჯერ ისევ გაურკვეველია.