ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:
„ქართუს“ წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას. 2007 წელს ჩვენი დაკვეთით ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანიამ მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია, რომლის განხორციელების შემთხვევაში, საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებს. მოკვლევის ფარგლებში კი გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აგების საჭიროება. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა, საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ დოლარზე მეტი. ამ თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქცია – რემონტი და ასევე სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენა“,- წერია ფონდი „ქართუს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.