საქართველოს მსგავსი სიტუაცია ჰქონდა აზერბაიჯანს, რომელმაც „ევროვიზიაზე“ 12 ქულა უკრაინას მიანიჭა და არა დიდ ბრიტანეთს – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მედიის ცნობით, თავდაპირველად პირდაპირ ეთერში გაჟღერდა პროფესიონალი ჟიურის ხმები და როდესაც აზერბაიჯანის რიგი დადგა, ითქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, შედეგებს არა ტელეწამყვანი ნარმინ სალმანოვა, არამედ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელი გაახმოვანებდა, მსგავსი ვითარება იყო რამდენიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც. „ეთერში ითქვა, რომ დიდი ბრიტანეთი აზერბაიჯანისგან 12 ქულას იღებს, უკრაინას კი 6 ქულა ერგო. კონკურსის დასრულებისთანავე, 1TV-ზე გაგრძელდა გადაცემა „საბაჰა სახლამაიქი“, რომელშიც შედეგები განიხილეს – ნარმინ სალმანოვამ განაცხადა, რომ „მას გაუკვირდა ეკრანზე აზერბაიჯანის კენჭისყრის შედეგების ცხრილის დანახვა, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა“. ტელეწამყვანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანმა 12 ქულა მისცა უკრაინას და არა დიდ ბრიტანეთს“, ასევე დააკონკრეტა, რომ არხს ტექნიკური პრობლემები არ ჰქონდა ევროპაში მაუწყებლობასთან დაკავშირებით. სალმანოვას თქმით, ამ საკითხზე სამართალწარმოება უკვე დაწყებულია“, – აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.