საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია.

ქვეყანა პრეზიდენტს დაგეგმილზე ერთი წლით და ორი თვით ადრე ირჩევს. ეგზიტპოლების მონაცემებით, ილჰამ ალიევი ექვს კონკურენტს შორის ამომრჩეველთა 90%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს. ეს კი ნიშნავს, რომ 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ის პრეზიდენტის პოსტს მეხუთე ვადით და კიდევ 7 წლით დაიკავებს. ალიევი ქვეყანას 2003 წლიდან მართავს. მთავარი ოპოზიციური ძალების ბოიკოტის ფონზე წლევანდელი ვადამდელი არჩევნები ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის მაინც გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან წელს საარჩევნო უბნები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე პირველად გაიხსნა. საარჩევნო პროცესს ათეულობით სადამკვირვებლო მისია აკვირდება. ალიევის გამარჯვებას ბაქოში უკვე ზეიმობენ.