საფრანგეთის კავკასიური პოლიტიკა და ბაქოს რეაქცია

ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთი თავდაცვის გაძლიერებას ევროპისგან ცდილობს.

ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონის გზავნილებს და საფრანგეთის კავკასიურ პოლიტიკას აზერბაიჯანის მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა. ბაქო პარიზს სომხეთის სასარგებლოდ მიკერძოებაში სდებს ბრალს.

ფაშინიანმა მაკრონისგან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერის პირობა მიიღო.

ამავე დროს საფრანგეთის პირველმა პირმა აზერბაიჯანს სომხეთთან მიმართებით ყოველგვარი გაურკვევლობის გამორიცხვისკენ მოუწოდა. ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის მთავარი სადავო საკითხი ე.წ. ზანგეზურის დერეფანია. გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არარეგიონული ძალების ჩართულობა დიდია.