ევროპის „თურქული ფლანგი“
ევროპის „თურქული ფლანგი“

ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერება, თითქოს ბუნებრივი ნაბიჯი იყო ნატო-ს მხრიდან, თუმცა, როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. ის, რომ შავი ზღვის რეგიონში ვითარება საკმაოდ მყიფეა, ამას მხოლოდ რუსეთის მოქმედებები და მხოლოდ შავ ზღვაზე არ განაპირობებს.  ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც ალიანსისთვის, საყურადღებოა თურქეთის საგარეო პოლიტიკაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – არა მხოლოდ ზღვაზე. უფრო მეტიც, ევროსაბჭომ თურქეთს კვიპროსის სანაპიროზე გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარების გამო სანქციებიც დაუწესა, რომლის თანახმად ფინანსურ დახმარებას შეუმცირებენ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას  და ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეჩერდა მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზეც. ისევე, როგორც აღნიშნულ სანქციებს, ოფიციალურმა ანკარამ იგნორირება გაუკეთა აშშ-ს გაფრთხილებასაც და თეთრი სახლის მხრიდან სანქციების მუქარის მიუხედავად, რუსული S-400, ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მაინც შეიძინა.

თურქეთის ეს ნაბიჯი  აშშ-სთან თანამშრომლობისა და ნატო-ში 67-წლიანი წევრობის შემდეგ გარდამტეხ მომენტად აღიქმება და შესაბამისად, გასაკვირიც არ უნდა იყოს ის, რომ თავდაცვის სფეროში მომუშავე ანალიტიკოსებმა, „Janes“-ზე დაყრდნობით,  ყურადღება მიაქციეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გარემოებას: ევროკავშირის თავდაცვის ინსტიტუტები  შეთანხმდნენ მასში შემავალი ქვეყნების სატანკო პარკის განახლებაზე.  თავად სატანკო პარკის განახლება, თითქოს ჩვეულებრივი და ბუნებრივია თანამედრვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, რომ არა მისი გეოგრაფია: ამ მხრივ, პრიორიტეტული იქნება ევროკავშირის ე.წ. „თურქული ფლანგი“.

AMX-30B2

თუმცა, პროგრამის საბოლოო განხილვა დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება მწარმოებელთა წინადადებები. მალევე, 2020 წლისათვის იგეგმება სატანკო პარკის გადახალისება კვიპროსისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის და ესპანეთისთვის და მათი  ძირითადი საბრძოლო ტანკების „ლეოპარდ 2A7“-ით ჩანაცვლება.

როგორც ცნობილია, საბერძნეთსა და ესპანეთს, რომელთაც უკვე გააჩნია ლეოპარდები, 2A7-ის მოდიფიკაციას ძველი მანქანების მოდერნიზაციის საშუალებით მიიღებენ, ხოლო კვიპროსისთვის ეს სიახლე იქნება, ვინაიდან დღემდე მის შეიარაღებაში  მხოლოდ რუსული Т-80У და ფრანგული AMX-30B2-ები იყო. სულ, ამ სამი ქვეყნისათვის იგეგმება 200 ძირითადი საბრძოლო ტანკის „ლეოპარდ 2A7“-ის გადაცემა.

რაც შეეხება რუმინეთის შეიარაღებულ ძალებს, ისინი ლეოპარდებით დაკომპლექტებულ ახალ სატანკო ბატალიონს (სავარაუდოდ, 30 მანქანამდე) მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ლეოპარდები რუმინეთისთვისაც სიახლეა, ვინაიდან მათი სატანკო პარკი  შედგება ისეთი მანქანებისგან, როგორიცაა  რუსული Т-55  და რუმინული TR-580, TR-85 და TR-85M1

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ „გასაძლიერებელი“ ქვეყნების გეოგრაფია ცალსახად მიანიშნებს, რომ ეს თურქეთის წინააღმდეგ მიმართული, ერთგვარი  „შემაკავებელი“  ღონისძიება უფროა, ვიდრე შეიარაღების გადახალისება. საინტერესოა, რომ აღნიშნული „გადაიარაღება“ ტერიტორიულად  ევროკავშირსა და თურქეთს შორის კვიპროსის სანაპიროსთან  გაზის საბადოებზე  სამუშაოებთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს და ოფიციალური ანკარა ამ სამუშაოების შეწყვეტას, ჯერჯერობით, სანქციების მიუხედავად, არ გეგმავს.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.