ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი და აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს ფაშინიანსა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიერ არჩევნების ჩატარება დაუშვებელია. ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მოსახლეობას ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებისკენ და ტოტალური დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდებს.

ფაშინიანის მოთხოვნები ასეთია: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა ფორმირდეს დროებითი მთავრობა, ხოლო შემდეგ  დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ფაშინიანს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი, რომელიც ამბობს, რომ პრემიერი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. კარაპეტიანის თქმით, პრემიერ-მინისტრს მოედნებზე არ ირჩევენ.