საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა. 7,22 %-ს შეადგენს ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპების შემცირებასთან ერთად, უარესდება ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლებიც.
უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს, დღიურად ჩატარებული აცრებისა კი 9000-ს არ აღემატება, რაც ეპიდემიოლოგებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს და ვარაუდობენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა, ქვეყანას მძიმე შემოდგომა და ზამთარი დაუდგეს.
პარალელურად, უახლოეს დღეებში ქვეყანაში 50 წელს გადაცილებული პირების ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 16-დან 49 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსაც.