შვიდი დღე ქვეყნის დასატოვებლად – ავღანეთში მყოფ ათასობით უცხოელს ევაკუაციისთვის ზუსტად ერთი კვირა რჩებათ. „თალიბანი“ ვადის გადაწევაზე უარს ამბობს და 31 აგვისტოს შემდეგ, ევაკუაციას კრძალავს. ამ ფონზე სურათი სულ უფრო მძიმდება ქაბულის აეროპორტში, სადაც ავღანეთიდან გაქცევის მსურველთა ნაკადები ყოველდღე იმატებს. იზრდება ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმების რისკი.
რადიკალური დაჯგუფების კონტროლქვეშ მოქცეული ავღანეთიდან მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანის გეგმა ახლა მთავარი თემაა დიდი შვიდეულის საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურად მიმდინარეობს. განიხილება „თალიბანის“ წინააღმდეგ სანქციების საკითხიც. გაერო ავღანეთში ექსტრემისტული დაჯგუფების მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯის მასობრივ შემთხვევებზე საუბრობს და კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებას აანონსებს.