დიდი შაბათი

დღეს ვნების შვიდეულის შაბათია – იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის ტრადიციული რიტუალის ჩატარებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქრისტიანული სწავლებით წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ამ დღეს ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იკრიბებიან. ტაძარში შესვლის უფლება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტებისა და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ.

უკვე რამდენიმე წელია, იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელიც საერო და სასულიერო პირებისგან შედგება. აღდგომის ღამეს წმინდა ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს დაესწრება ჩვენი გადამღები ჯგუფიც.

იერუსალიმში თეო ხუბულავა და ვახო ლეკიაშვილი იმყოფებიან.