საქართველო -აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. უფლებადამცველების განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა, ასევე არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულები მიმალვას შეეცდებოდნენ, ამიტომ პატიმრობა გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო.
სასამართლო სხდომაზე ისაუბრეს თავად ბრალდებულებმა. ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესებით მეორე ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, რომ საქართველო მიწის მითვისებაში დაადანაშაულოს. განცხადება გააკეთა ასევე ნატალია ილიჩოვამ, რომელმაც რუკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას და ივერი მელაშვილს კანონის საწინააღმდეგო არცერთი ქმედება არ განუხორციელებიათ.