პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ტაილანდის ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა.
დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ზესტაფონში წაიყვანა, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება შეუზღუდა.
ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა. სასჯელი 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.