პოლიციამ იმერეთში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. აყვანილია 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ., მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, დაკავებულს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი – 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად, კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.