დაკავება აუდიტის დასკვნის საფუძველზე

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი პირის, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ. საქმე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის გამგეობის მიერ, 2015 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღიძრა.

გამოძიების ინფორმაციით, 4 წლის წინ ვანის გამგეობამ 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. ყალბი დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით, ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ. ასევე, გამოძიების ცნობით, ვანის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მასზე დაკისრებულ მოვალეობას გულგრილად მოეკიდა, რის გამოც გამგეობას 46 875 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.