BBC-ის ფილმი - კეზერაშვილი „მისტერ ოფშორი“

„ბიბისის“ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება და ტრანსნაციონალური თაღლითური დანაშაული, რომლის კვალიც საქართველომდეც მოდის. ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე. წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. გამოძების მასალის მიხედვით, სადაც თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული, გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა, რომლის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

სტატიაში, რომელიც „ბიბისიმ“ ფილმის გასაჯაროვებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა, საუბარია მილიარდამდე დოლარის გამოძალვაზე. სტატიაში სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ ნათქვამია, რომ კიბერთაღლითობის გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად ისინი ტელეფონით უკავშირდებოდნენ ადამიანებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოოდ კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. სქემაში 152 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

დავით კეზერაშვილი პენსიონერების ძარცვასთან კავშირს უარყოფს და ჟურნალისტური გამოძიების ავტორებთან სამართლებრივი პროცესის დაწყებას აანონსებს. საქართველოში კი პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წყდება. ოპოზიციის ნაწილი კეზერაშვილთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს მისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი გამოძიების შედეგებს ელოდება.

კეზერაშვილის „ქოლცენტრების საქმესთან კავშირს“ გამორიცხავს და ამ საქმის მფარველობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“, ყოფილი სახელისუფლო პარტია, რომლის დამფინანსებლადაც სწორედ დავით კეზერაშვილი მოიაზრება.

დეტალები ნახეთ თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.